„ქართული ოცნების“ პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ხუთშაბათს, 28 ნოემბერს დაამტკიცებს. ამის შესახებ „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, 28 ნოემბერს 11:00 საათზე იქნება ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა, სადაც განიხილება მთავრობის შემადგენლობა და შემდეგ 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება მთავრობა.
მისივე თქმით, დღეს, 26 ნოემბერს მინისტრობის კანდიდატების მოსმენები გაიმართება. კერძოდ, დღეს თავდაცვის, იუსტიციის, შერიგებისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატები წარდგებიან კომიტეტების წინაშე.
ასევე, დღესვე, 13:00 საათზე დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებზე წარდგება საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი.
ხვალ, 27 ნოემბერს 11:00 საათიდან კი განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის კომიტეტი შეიკრიბება, სადაც განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატები წარდგებიან.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება” პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა;
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომას არ დასწრებია.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.