დღეს „ოცნების“ პარლამენტში მაკა ბოჭორიშვილს უსმენენ – ის ირაკლი კობახიძემ საგარეოს საქმეთა მინისტრის კანდიდატად წარადგინა. ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირში გაწევრებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საბოლოო შედეგის მისაღწევად საჭიროა დიალოგი, თუმცა, მისი თქმით, ის ვერ იქნება „ულტიმატუმით ენით საუბარი“.
„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას. შესაბამისად, გამორჩეული პრიორიტეტი იქნება NATO-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები. დღეს საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს უდიდესი მიღწევა ეფუძნება ჩვენი ქვეყნის მიერ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ჩვენს თავდაუზოგავ ბრძოლას პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ურყევ ნებას.
ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის – თუკი 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის. დღეს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში მთავარ სამართლებრივ ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ჩათვლით, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს საჭირო რეფორმებისთვის. ჩვენი მიზანია, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლი ნამდვილად არის გამორჩეული.
რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგის მიღწევას სჭირდება დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი წარმატებით განხორციელდეს და დასრულდეს. დიალოგი ვერ იქნება ულტიმატუმების ენით საუბარი, პარტნიორებს შორის საჭიროა ყველა კრიტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მიდგომების ძიება. მე იმედი მაქვს, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდგომ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ინტენსიურად ვიმუშაოთ ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან იმისთვის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად გადავდგათ წინ ნაბიჯები წევრობისკენ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა, ასევე, ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ეს არ მოხდება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მიღწევა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ მიაღწია, ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ხშირად არის მცდელობა, რომ ევროკავშირი რამენაირად აიძულონ, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკურ ინსტრუმენტად საქართველოსთან ურთიერთობაში.
ძალიან სამწუხაროა, როცა მე ვხედავ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც უღირთ საქართველოს მოქალაქეების დასჯა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი ძალიან კარგად აფასებს და ეს არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაჟღერდეს მსგავსი სპეკულაციები, მსგავსი რამ არ მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან სერიოზულ მიღწევებზე დაფუძნებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა;
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომას არ დასწრებია.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.