„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საპარლამენტო სიის ჩახსნის შესახებ ცესკოს მიმართავენ. მისი თქმით, პარტია უარს აცხადებს მანდატებზე და არ ცნობს არჩევნების შედეგებს.
„მინდა, გავაკეთო განცხადება, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკო-ში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემ მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, უარს ვაცხადებთ მანდატებზე, არ ვცნობთ ამ არჩევნებისა და მისი შედეგების ლეგიტიმაციას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
სიის ჩახსნაზე დღეს განცხადება გააკეთეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმაც. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად დღეს მიმართავენ.