პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ”.
გახარიამ აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არ იმოქმედებს „ნაცების“ ან „ოცნების“ დღის წესრიგით.
„რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, სიების ჩახსნაზე ვერავინ მოახდენს ჩვენზე წნეხს. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თემაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არ აქვს არაფერი, რეალური შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს, რადგან ამომრჩეველი არის რეალურად გაბრაზებული.
ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რომ სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ. ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით პასუხისმგებლობას მოიხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება. ვინმე თუ ფიქრობს, ან „ნაცები“, ან „ოცნება“, რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ და პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არც ივანიშვილს და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ. დღეს არა, დავტოვებთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ”, – განაცხადა გახარიამ.
25 ნოემბერს პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა „კოალიციამ ცვლილებისთვის“. თენგო თევზაძის განცხადებით, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე პარტიულ სიას ჩახსნის, მიმართავენ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.
ცესკოს ასევე ოფიციალურად მიმართა „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ”.
„სამი დღის ვადაში ველოდებით, რომ რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, გიორგი კალანდარიშვილმა დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადება კანონით დადგენილი წესით, რომელიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს და შემდგომ ყველა ნაბიჯს და ყველა კანონით დადგენილ წესს გამოვიყენებთ, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიების ჩახსნით მოთხოვნით განცხადება შეიტანა „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემაც. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარე ახლა ვალდებულია, სამი დღის ვადაში ჩახსნას საპარლამენტო სია, რის შემდეგაც უკვე ინდივიდუალურ განცხადებებზე იმსჯელებენ და „კონკრეტული თარიღების მიხედვით“ შეიტანენ პარლამენტში.