„ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
ბიძინა ივანიშვილმა ისე ასე წარადგინა:
„წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის “დინამოს”, “ვლადიკავკაზის ალანიას”, “მანჩესტერ სიტის”, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს.
პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილის ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაში.
ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება”. – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ყაველაშვილი „ქართული ოცნებიდან” ფორმალურად სოზარ სუბართან, დიმიტრი ხუნდაძესთან და რამდენიმე სხვა წევრთან ერთად 2022 წლის აგვისტოში გავიდა და „ხალხის ძალა” დააფუძნა, რათა დასავლეთის შესახებ ეთქვა „ის სიმართლე, რომლსაც „ოცნება” ვერ იტყოდა”.
„ხალხის ძალამ”, რომელიც განსაკუთრებული პრორუსული რიტორიკით გამოირჩეოდა, თავიდანვე თქვა, რომ არ აპირებდა „ქართული ოცნების” ოპოზიციაში ყოფნას.
2023 წელს სწორედ „ხალხის ძალამ” დააინიციირა პირველად რუსული კანონი.
„ხალხის ძალა” საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს აქტიურად უპირისპირდებოდა.
მათ გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ „2008 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას ომი ვერ ააცილა და ეს გამოძიებას საჭიროებს”. გარდა ამისა, „ხალხის ძალამ” თქვა, რომ „სერიოზული კითხვები აქვთ 2008 წლის ომში აშშ-ის როლზე”.
2024 წლის არჩევნებამდე „ხალხის ძალის” წევრები „ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში შეიყვანეს.
„ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 14 დეკემებრს დანიშნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით – მას 300 ხმოსნისგან შემდგარი კომისია შეარჩევს, რომელშიც შედის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.