შესაძლებელია თუ არა, საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდეს – „პუბლიკა“ დაინტერესდა, რას ამბობს ამ საკითხზე საქართველოს კანონმდებლობა.
კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში არაა მითითებული, რომ არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატის მონაწილეობა იზღუდება.
გამოდის, რომ კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდეს, რომელსაც „ოცნება“ ოპოზიციის გარეშეც აირჩევს,თუმცა აღსანიშნავია, რომ მის ასარჩევად შესაძლოა, ორი ტურის გამართვა გახდეს საჭირო.
ეს საკითხი „პუბლიკამ“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთანაც გადაამოწმა.
„არაფერი წერია ამის თაობაზე. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, იყოს მხოლოდ ერთი კანდიდატი“, – გვითხრა მან.
2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. პრეზიდენტს ირჩევს 300-წევრიანი კოლეგია, რომელიც კომპლექტდება პარლამენტის, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრებით და საკრებულოებიდან პარტიების წარმომადგენლებით.
კოლეგიის დასაკომპლექტებლად ითვალისწინებენ 2024 წლის საპარლამენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ასევე, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეგიაში საკრებულოებიდან ადგილები აქვთ შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს: „ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია – საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრის გამოკლებით, ჯამურად, კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 156 წევრი, ხოლო დანარჩენ პარტიებს – 124.
კანდიდატის პრეზიდენტად არჩევას პირველ ტურში საარჩევნო კოლეგიის 200 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.
საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის, მინიმუმ, 30 წევრს.
კანონი არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას ერთი პარტიის მიერ რამდენიმე კანდიდატის დასახელებაზე.
„გახარია საქართველოსთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ისინი არც კანდიდატის დასახელებას და არც კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.
თუ „ოცნების“ კანდიდატი პირველ ტურში 200 მხარდამჭერის შეგროვებას ვერ მოახერხებს, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც იმავე დღეს, 14 დეკემბერს გაიმართება. მეორე ტურში კანდიდატი ხმათა უმრავლესობით (151 ხმა) აირჩევა.
„ერთი კანდიდატის შემთხვევაშიც უნდა ჩატარდეს პირველი და მერე მეორე ტური, თუ 200 ხმას ვერ მოაგროვებენ?“, – ვკითხეთ ვახტანგ ხმალაძეს, რაზეც მან გვიპასუხა, რომ „ასე გამოდის“.
„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დღეს, 27 ნოემბერს დაასახელა.
საპრეზიდენტო კანდიდატების ცესკოსთვის წარდგენის ბოლო ვადა არაუგვიანეს 5 დეკემბერია.
„ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს დანიშნა.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა;
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომას არ დასწრებია.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილებებს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.