„მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პერსონით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე საუბრის დროს. მისი თქმით, „ამ ტონალობაში საუბარს არ გაუტარებენ“.
„მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ახალ მინისტრს, მე ალბათ ვთხოვ ამის შესახებ, რომ დაინტერესდეს ამ პერსონით, გერმანიის ელჩი, რომელიც არ შეესაბამება თავისი განცხადებებით, თავისი ქმედებებით ელჩის მანდატს. ის მავნებლობს, არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს, ფაქტობრივად, იგივე როთია, როთი 2. მინდა ამ ხალხს, ამ „როთებს“ მივმართო, რომ ლეგიტიმაცია არ გაქვთ და ამ ტონალობაში ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას, ამას არ გაგიტარებთ“, – თქვა მან.
გუშინ გერმანიის ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პროცესი შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა პროცესის შეჩერებას უარყოფს, ფიშერი აღნიშნავს, „ჩვენ ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა, ამას კანდიდატი არ წყვეტს. ასე რომ, შეჩერებულია“. მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.