კობახიძე: რეალურად საქართველოში გერმანიას ელჩი დღეს არ ჰყავს

პუბლიკა

„საქართველოში გერმანიას ელჩი არ ჰყავს“ – ამბობს ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.

„გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად, საქართველოში გერმანიას ელჩი დღეს არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს გერმანიის ელჩზე განცხადება გააკეთა ირაკლი ზარქუამაც, რომელმაც მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, „დაინტერესდნენ ამ პერსონით“.

გუშინ გერმანიის ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პროცესი შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა პროცესის შეჩერებას უარყოფს, ფიშერი აღნიშნავს, „ჩვენ ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა, ამას კანდიდატი არ წყვეტს, ასე რომ, შეჩერებულია“.  მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.