GDI: საპოლიციო ძალები ასრულებდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო დავალებებს, მშვიდობიან მოსახლეობას უკანონოდ არბევდნენ

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) აცხადებს, რომ 28 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები უკანონოდ დაარბიეს.

GDI-ის შეფასებით, „საქართველოში ხელისუფლება უზურპირებულია“.

„საქართველოში ხელისუფლება უზურპირებულია. არალეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმურია ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა. მიტაცებულია სასამართლო და არ არსებობს მართლმსაჯულება.

ხელისუფლებას ახორციელებს უზურპატორი, რომელმაც უარი თქვა კონსტიტუციურ მმართველობაზე, ადამიანის უფლებების არსზე და საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვა ქვეყნის ევროპულ და დასავლურ კურსზე.

უზურპატორის ერთადერთ დასაყრდენს რეპრესიული სისტემა წარმოადგენს, რომელიც საპოლიციო ფიზიკურ ძალაზე, პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურებზე დგას.

გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, საპოლიციო ძალები ასრულებდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო დავალებებს. უკანონოდ არბევდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას. ცდილობდნენ ცემით, ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და არაადამიანური მოპყრობით ჩაეხშოთ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი და ქვეყნის მომავლის დაცვის სურვილი. და რადგან, ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია, არ არსებობს სხვა გზა გარდა წინააღმდეგობისა!”, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლსადენი ნივთიერებები იყო შერეული.

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

უწყების განცხადებით, აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, აქციაზე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების” სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.