დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 114 თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს:
„ჩვენ, როგორც ცენტრის წარმომადგენლები, გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.
თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ იშურებს შეასრულოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.
წლების განმავლობაში სწორედ დასავლური, ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და განვითარდა ცენტრი, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, საფუძველი ჩაეყარა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შექმნას, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულების განვითარებას, რაც განსაკუთრებით ეფექტური იყო COVID-19 პანდემიისას, უსაფრთხო სისხლის სისტემის განვითარებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვას და მრავალი სხვა.
2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.
მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების და დასავლური ღირებულებების ერთგული!“- ნათქვამია განცხადებაში.
ყოფილი თანამშრომლების განცხადებას კომენტარებში გამოეხმაურა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე:
„მადლობა თქვენ ხელმომწერებსა და ცენტრის ყველა თანამშრომელს ღირსეული პოზიციისთვის როგორც ყოველთვის. მიუხედავად იმისა რომ დღეს ოფიციალურად მე თქვენი თანამშრომელი აღარ ვარ, მიგულეთ გვერდზე ნებისმიერი ფორმით. NCDC იყო და არის ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიული დაწესებულება, რომელიც შეიქმნა და განვითარდა სწორედ ამერიკული, ევროკავშირის და დასავლური მხარდაჭერით. მადლობა მათ. ჩვენი გზა სწორედ მათკენაა ყოველდღიური თავდაუზოგავი მუშაობით რომლის საუკეთესო მაგალითი მიეცით თქვენ საქართველოს მოსახლეობას პანდემიის პერიოდში. გაიხარეთ, მადლობა და წარმატებები თქვენ. მჯერა თქვენი როლი მნიშვნელოვანია და ასეც იქნება ევროინტეგრაციაში. პროცესი არ უნდა შეჩერდეს არცერთი დღით!“, – უპასუხა მათ განცხადებას ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.