შსს აქციაზე: „თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, გახდა ძალადობრივი“. უწყება ირწმუნება, რომ „პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“.

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, გახდა ძალადობრივი. კერძოდ, აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, ქვების და სხვა საგნების გამოყენებით ჩაამსხვრიეს პარლამენტის ფასადზე არსებული ათამდე ფანჯრის შუშა. ამავდროულად, აქციაზე მყოფ პირებს მობილიზებული აქვთ პიროტექნიკა, ქვები, სხვადასხვა მძიმე საგნები, რომელსაც ისინი სავარაუდოდ კვლავ სამართალდამცველთა წინააღმდეგ გამოიყენებენ. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“, – წერია განცხადებაში.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ამ გადაწყვეტილებას მესამე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. პარლამენტთან აქციებზე ჯამში 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის, სცემს აქციის მონაწილეებს.