საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას კონსტიტუცია და უზრუნველყოს საქართველოს დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, „არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში”.
შშმ პირთა ქსელი აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან წვლილს ასრულებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში – სწორედ ამ პროცესმა დააჩქარა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ინკლუზიური ინიციატივის დანერგვა.
განცხადების თანახმად, ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ხარისხიან განათლებას, დასაქმებას, ღირსეულ მომავალს და დამოუკიდებელ ცხოვრებას. ევროპული და აშშ-ის სტანდარტები ჩვენი მხარდაჭერითი სერვისების განვითარების მოდელს წარმოადგენს და პრაქტიკული მაგალითებით გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებები.
„ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია შშმ პირთა თემის გაძლიერებისთვის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მათი ჩართულობისთვის, კანონმდებლობისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის და ახალი სერვისების პილოტირების პროცესებისთვის.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება, ფინანსური მხარდაჭერის უარყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება უცხოელი პარტნიორების მიმართ არა მხოლოდ ევროპულ მომავალს გვართმევს, არამედ იმ პროგრესსაც, რაც წლების განმავლობაში იყო მიღწეული.
ჩვენ ვგმობთ ძალადობას, სიძულვილის ენას, აგრესიას და ძალის გადამეტებას, რაც მოლაპარაკებების პროცესსა და კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ჩიხში აქცევს.
გვინდა ყველას გასაგონად ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება განსაკუთრებით აზიანებს მოსახლეობის მოწყვლად ფენებს, მათ შორის შშმ პირებს. ჩვენ არ გვაქვს სხვა სამშობლო, არც გაქცევის გზა და ჩვენი ღირსეული ცხოვრება მხოლოდ ევროპულ მომავალს უკავშირდება”. – აცხადებს შშმ პირთა ქსელი.