ევროპარლამენტარები კალასს: მოგიწოდებთ, წარადგინოთ სანქციების წინადადება საბჭოს წინაშე

პუბლიკა

ევროპარლამენტარები წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს და მოუწოდებენ წარადგინოს სანქციების დაწესების წინადადება საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

გთავაზობთ ტექსტს:

„ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, მოგმართავთ თხოვნით, დაიწყოთ პერსონალური სანქციების დაწესების პროცესი საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიმდინარე მოვლენების გამო, სადაც მოქმედმა მმართველმა პარტიამ მოიპოვა სახელმწიფოს კონტროლი გაყალბებული არჩევნების გზით და ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტებს.

ამ კვირაში, 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს დემოკრატიული კრიზისის გაუარესების შესახებ, რომელიც შეეხება ბოლო პერიოდში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო საარჩევნო გაყალბების საკითხებს.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს პერსონალური სანქციების ფართო პაკეტი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში მომხდარი მასობრივი დარღვევების საპასუხოდ.

კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პირადი სანქციები საქართველოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონების და სტანდარტების დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადოდ გამოყენებაზე. მათ შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, სანქციები უნდა გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების მიმღებ მოსამართლეებზე.

დამატებით, ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ დაუწესდეს მიზნობრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს და გაიყინოს მისი ყველა აქტივი ევროკავშირში მისი როლის გამო საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში და ქვეყნის კონსტიტუციურად დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისათვის, მათ შორის რუსეთის გავლენის სფეროში საქართველოს დაბრუნების მცდელობებისთვის.

ამ წერილით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ წარადგინოთ სანქციების წინადადება საბჭოს წინაშე, რადგან ავტორიტარული ძალაუფლების მოპოვება საქართველოში თვალნათლივ მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.