„ნუ შეგეშინდებათ იმ ვაი-პოლიტიკოსების“ - გახარია საჯარო მოხელეებს მიმართავს

პუბლიკა

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს მიმართავს.

„მე მინდა ახლა მივმართო საჯარო მოხელეებს, ყველა მათგანს, რომელმაც გაბედა და გამოთქვა თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის უფლება ხომ გვაქვს ყველა ჩვენგანს, მიუხედავად იმისა, ჩვენ საჯარო მოხელე ვართ და ბიუჯეტიდან ვიღებთ ხელფასს თუ არა. ეს ადამიანები ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს, თქვენ ვალდებული ხართ, ყოველთვის გამოთქვათ თქვენი აზრი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს აზრი ემთხვევა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრს.

მე მინდა, მივმართო იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ჯერ თავიანთი აზრი არ დაუფიქსირებიათ. ნუ შეგეშინდებათ იმ ვაი-პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კარგიაო და სისტემა გაიწმინდებაო, 12 წელი ვერაფერი ვერ გააკეთეს, დღეს თურმე კი ამ კონფლიქტს და სისტემურ კრიზისს იყენებენ ამისთვის.

რაც უფრო მეტი საჯარო მოხელე იქნება, რომელიც გამოთქვამს თავის განსხვავებულ აზრს, მით უფრო დაცულები იქნებით თქვენ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გიცავთ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდით. ჩვენ გვაქვს დღეს შანსი დავიწყოთ და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები საჯარო სექტორის დეპოლიტიზების მიმართულებით, იმიტომ, რომ საჯარო სექტორი, ერთხელ და სამუდამოდ, იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი“,- აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი ჰყავს ის ადამიანები, რომლებიც „ოცნებამ“ უკანონოდ დააკავა. მისივე თქმით, დღემდე ბევრი დაკავებულის პოვნა ვერ ხერხდება, იმიტომ, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორები გადავსებულია. ამის გამო კი მისივე ინფორმაციით, დაკავებულები ზოგჯერ მანქანაში ათევენ ღამეს. ყველაზე პრობლემური კი ისაა, რომ გახარიას თქმით, დაკავებულების დიდი ნაწილი ფიზიკური ძალადობის დაზიანებებით ტოვებენ კლინიკას ან იზოლატორს.

გახარია ამბობს, რომ საზოგადოებამ პირველ რიგში უნდა მოვითხოვოთ ამ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება, „რადგან მათზე სახელმწიფო ფიზიკურად ძალადობს“.