შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის, გიორგი გაბეხაძის თქმით, თანამდებობას ტოვებს.

„დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან”, – წერს გაბეხაძე სოციალურ ქსელში.

გაბეხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მას პირველი მერცხალი უწოდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ უნდა იყოთ, თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ”, – წერს ზურაბიშვილი.