უკრაინის საგარეო: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მობრუნებაზე

პუბლიკა

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას. ძალადობა უშედეგოდ არ დარჩება”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მობრუნებაზე.

სამინისტროს განცხადებით, მტკიცედ უარყოფენ „საქართველოს ხელისუფლების მუდმივ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავიანთ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ხალხის მითიური „უკრაინული სცენარით“ დაშინება „ბელარუსული სცენარის“ პრაქტიკაში განხორციელებისას”.

„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას. მით უმეტეს, რომ პროტესტების მიზეზი არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ.

გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების მცდელობები დაარწმუნოს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია გრძელდება, ამავე დროს კი მისი ქმედებები მიუთითებს საქართველოს მოსკოვისკენ მობრუნებაზე. ერთ დროს ყბადაღებული უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ უკრაინის ევროკავშირის გზიდან რუსეთის უღელში შემობრუნებას, ასევე ამბობდნენ, რომ ისინი მხოლოდ „აჩერებენ“ და არ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შემჭიდროებას.

ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ საქართველოს ხელისუფლების მუდმივ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავიანთ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ხალხის მითიური „უკრაინული სცენარით“ დაშინება „ბელარუსული სცენარის“ პრაქტიკაში განხორციელებისას.

უკრაინა იყო და რჩება საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნებისა და მისი შემდგომი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. ამ კონტექსტში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ კოლეგენს-დიპლომატებს , რომლებიც საჯაროდ ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან გასვლის შესახებ.

ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ქართველი კოლეგების წინაშე მდგარი გამოწვევები, რადგან 2004 და 2014 წლებში, უკრაინის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, უკრაინის დიპლომატიური სამსახურმა მხარი დაუჭირა უკრაინელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს და აჩვენს პროფესიული და სამოქალაქო გამბედაობის მაგალითი.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გასაღები და ჩვენ მივისწრაფვით ჩვენი ხალხებისთვის წარმატებული მომავლისკენ დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენი სოლიდარობა ქართველ ხალხთან ურყევია”, – ნათქვამია განცხადებაში.