განსაკუთრებულ სისასტიკეს წარმოადგენს სმენის არმქონე ადამიანზე ვერაგულად თავდასხმა - PHR

პუბლიკა

სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციას ავრცელებს.

„უკანასკნელ დღეებში სპეციალური დანიშნულების რაზმისა და შსს სხვადასხვა დანაყოფის მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი დარბევის, დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის არაერთ ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.

გუშინ ღამით, სავარაუდოდ სპეცრაზმის ან სხვა დანაყოფის ნიღბიანი თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. თავდასხმის დროს დ.ა საერთოდ აღარ იმყოფებოდა აქციის ტერიტორიაზე, ის მიდიოდა სახლში და მიირთმევდა საკვებს. მისთვის არ იყო ცნობილი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამ დროს, კორპუსებიდან გამოცვივდნენ აქციის მონაწილეთა ანგარიშსწორებისთვის სპეციალურად დამალული სპეცრაზმის თანამშრომლები და სასტიკად გაუსწორდნენ მას.

განსაკუთრებულ სისასტიკეს წარმოადგენს სმენის არ მქონე ადამიანზე ვერაგულად თავდასხმა, რადგან დ.ა-ს არ ქონდა შესაძლებლობა გაეგო მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ან გაქცეულიყო უსაფრთხო ადგილას. ადამიანების დევნას, გატაცებასა და სასტიკ ძალადობას ცხადია არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოს მიერ პროპორციული ძალის გამოყენებასთან ან თუნდაც გადამეტებასთან.

აღნიშნულ თავდასხმას, ფიზიკური ძალადობას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ადგილი აქვს მოქალაქეთა მიერ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატული პროტესტის გამო. PHR დილიდან მუშაობს დ.ა-ს უფლებების დასაცავად. მას აქვს მიყენებული მრავლობითი დაზიანებები სახის არეში. ორგანიზაციის მიერ ამ დროისთვის ხდება მტკიცებულებების მოგროვება. ასევე, ჩვენს მიერ მიემართა კლინიკას, რათა სამედიცნო სერვისის მიწოდება დ.ა-სთვის მოხდეს შშმ პირთა გონივრული მისადაგების პრინციპის გათვალისწინებით. P.S. დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა…“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.