თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღარ იქნება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე” თამარ გაბუნია მის მოადგილედ აღარ წარადგინა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სარჯველაძის მოადგილეებად თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნენ.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, მიხეილ სარჯველაძემ, თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და „პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა”.

მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი მედიასთანაც გააკეთა და განაცხადა, რომ ამ ფაქტს პოლიტიკური მოტივაცია არ აქვს.

„ჩვენ ასე შევთანხმდით. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, პროცედურის თანახმად, ხელახლა ხორციელდება მინისტრების წარდგენა პრემიერ-მინისტრისთვის. ამ ეტაპზე შევთანხმდით ასე. ეს იყო შეთანხმება. გვაქვს ჩვენ-ჩვენი მიზეზი, რაზეც შეიძლება საჯაროდ არ ვისაუბროთ. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გამოვრიცხო რაიმე პოლიტიკური მოტივაცია და პოლიტიკური ფაქტორი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

თამარ გაბუნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა და ჯანდაცვის მიმართულებას კურირებდა.