„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ენმ-ის“ და „გირჩი-დროას“ ოფისებში პოლიცია შევიდა

პუბლიკა

დღეს ოპოზიციური პარტიების „კოალიცია ცვლილებებისთვის“ „ენმ-ის“ და „გირჩი-დროას“ ოფისებში პოლიცია ჩხრეკის მიზნით შევიდა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქლაივის საშუალებით კოალიციის ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, პოლიციას ჩხრეკის ჩატარება სურდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩხრეკის უფლების შესაბამისი დოკუმენტაცია მოსთხოვეს, მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ოფისი დატოვეს. ლაივჩართვის დასრულებამდე კადრებში ჩანდა, რომ პოლიციის წარმომადგენლები პარტიის ოფისიდან გავიდნენ, ნაწილი მათგანი კი ოფისის შესასვლელთან დარჩნენ.

მოგვიანებით ინფორმაცია გავრცელდა, რომ პოლიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში შევიდა ჩხრეკის მიზნით. პარტიის ლიდერებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, ისინი პოლიციას უფლებას არ აძლევდნენ ოფისში შესულიყვნენ და მათგან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვნენ.

პარალელურად ინფორმაცია გავრცელდა პოლიციის შესვლის შესახებ „გირჩი-დროას“ ოფისშიც. 

„ძალიან მოსალოდნელი მოქმედებაა. აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონი, პლედი, „ფოერვერკი“, „სნიკერსები“, კვერცხები, პოლიციას, რომ ვესროლოთ – ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი. ბუნებრივია, მოვიდნენ. სასაცილოა, ლაზერებს, რაღაც საღებავებს აღრიცხავენ. მე მათ განვუმარტე, რომ ეს პოლიცია არის რუსული, ანტიკონსტიტუციური, ემსახურება ივანიშვილს და მიდის ევროპის წინააღმდეგ.

ამიტომ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ და წაუყენებენ. მე თვითონ ვუთხარი რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერ ამას ვიყენებთ ჩვენ აქციაზე“, – განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისი პოლიციამ მალევე დატოვა, თუმცა ისინი ამ დრომდე რჩებიან ენმ-ისა და „დროა-გირჩის“ ოფისებში. ოფისებთან მობილიზებულია პოლიცია, ასევე პარტიის წარმომადგენლები. იქ არის ნიკა გვარამიაც და ითხოვს შენობაში შესვლას, რათა დაესწროს ჩხრეკის პროცესს. თუმცა, პოლიციამ მას ამის უფლება არ მისცა. ადგილზე დაძაბული ვითარებაა და სიტყვიერი დაპირისპირებაა.