რა შემთხვევაში შეძლებენ სამშენებლო კომპანიები საქმიანობის გაგრძელებას - მინისტრის განმარტება

პუბლიკა

მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეზღუდულია სამშენებლო კომპანიების საქმიანობა. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ, როგორც კი დარწმუნდებიან, ესა თუ ის კომპანია ასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ გაიდლაინებს და წარმოადგენს, თუ როგორ აკეთებს ამას, ისინი შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას.

„ამ სფეროში ჩართულია, როგორც მსხვილი კომპანიები, რომელთაც არ გაუჭირდებათ, რომ ძალიან სწრაფად გადაეწყონ დღევანდელ მოთხოვნებზე, დაგვანახონ, რომ იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს და იცავენ თანამშრომლებს, ასევე არის ბევრი მცირე კომპანია, რომელთაც გარკვეული დრო დასჭირდებათ ამისთვის, ყველა მოახერხებს ალბათ საბოლოო ჯამში, მინდა, რომ მჯეროდეს, ამაში ჩვენ დავეხმარებით, მაგრამ ზოგს დასჭირდება მეტი დრო, ზოგს დასჭირდება ნაკლები დრო.

აქედან გამომდინარე სრულიად გამართლებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ მთლიანად სამშენებლო სექტორი, მაგრამ როგორც კი ჩვენ დავრწმუნდები,თ რომ ესა თუ ის კომპანია , ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის მუშა-მოსამსახურეებს და გვაჩვენებს, რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ეს კომპანიები იქნება კვლავ დაშვებული და გააგრძელებენ საქმიანობას“, – განმარტავს მინისტრი.

მინისტრი განმარტავს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა გადაწყვეტილება სამშენებლო კომპანიის დაშვებაზე მიიღება საგანგებო შტაბის ფორმატში. მისი განმარტებით, თუ როგორ მოხდება გადაწყვეტილების მიღება – ალგორითმი უკვე აწყობილია და მალე გასაჯაროვდება.

„ეკონომიკის სამინისტრო იქნება ერთ-ერთი უწყება, რომელიც გამოაქვეყნებს კონკრეტულ ფორმას და ამ ფორმის შევსების გზით მოგვმართავენ სამშნებლო კომპანიები. რაც შეეხება სამოქალაქო მშენებლობას, ამ მხრივ, მუნიციპალიტეტები იქნება უფრო ჩართული. ყველა ეს ინფორმაცია მოიყრის ერთად თავს. ჩვენ გადავამოწმებთ, ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით, თუ როგორ ასრულებენ ეს კომპანიები და რა გარანტიები არსებობს, რომ ისინი უსაფრთხოდ ფუნქციონირებენ. ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ეს არის ხელით სამართავი პროცესი. ეს არის დიდი გამოწვევა. ბევრ რაღაცაზე ვერ გვექნებოდა წინასწარ გაწერილი პროცედურა, მაგრამ ხედავთ. რომ სწრაფად ვრეაგირებთ ამ გამოწვევეაზე“, – განაცხადა მინისტრმა.