„ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი ჩვენ შევედით პარტიულ ოფისებში, და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ თქვენ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ ძალადობრივ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს.“
გუშინ, 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში შევიდა.
ჩხრეკა „დაიტოვეს“ წევრის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში დაიწყო. ჩხრეკის შემდეგ დალუქეს და წაიღეს მისი მობილური ტელეფონი და ლეპტოპი. აქტივისტის სახლში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. „დაიტოვე“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფეისბუქჯგუფია, რომელიც 236 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს. ჯგუფში აქტიურად განიხილება პროტესტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
ილია ღლონტის შემდეგ პოლიციამ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის (ქრისტინა ბოტკოველი) სახლში გადაინაცვლა. რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ სახლიდან წაიღეს აირწინაღი, წიწაკის სპრეი და ტელეფონი.
ორივე მათგანის შემთხვევაში ჩხრეკა ჩატარდა „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში”.
შევიდნენ აქტივისტ საბა ჯაჯანიძის სახლშიც.
მისი ცოლმა, ანა კვანჭილაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა:
„დედაჩემს მიადგა 4-5 ადამიანი ლურჯ ფორმებში სახლში. გაზი უნდა შევამოწმოთო. არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები. თქვენ მე დაგასრულებთ ამ ტერორისთვის! დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი.
გულის შეტევა აქვს დედაჩემს. სასწრაფო გამოვუძახეთ. მე არ ვარ მასთან, ახლა გავდივარ“.
დააკავეს „დაფიონის“ წევრი ზვიად ცეცხლაძე. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, – წერს „დაფიონი“.
პოლიციაა შესული მოძრაობა „ნაბიჯში“.
გამომძიებელმა თქვა, რომ „ოფისში, სავარაუდოდ, ინახება კანონსაწინააღმდეგო ნივთები/ნივთიერებები“ და გადაუდებელი ღონისძიების საფუძველია ის, რომ შესაძლოა ეს ნივთები გაანადგურონ.
პარალელურად პოლიცია შევიდა პარტია „ახალის“ ოფისში. თუმცა, რამდენიმე წუთში ჩხრეკის გარეშე დატოვა და გადაინაცვლა „გირჩი-დროას“ ოფისში. ყველა ეს პარტია გაერთიანებულია კოალიციაში „ცვლილებისთვის“.
ოფისიდან ნივთები სატვირთო მანქანით წაიღეს.
ელენე ხოშტარიას თქმით, მათ არ აქვთ კანონსაწინააღმდეგო ნივთები, აქვთ ის საგნები, რაც საჭიროა საპროტესტო აქციებზე.
„ვაცხადებ, რომ გვაქვს პიროტექნიკა, რომლითაც ვებრძვით აგრესიულ პოლიციელებს, კვერცხები, რომლებსაც ვესვრით აგრესიულ პოლიციელებს, პარალონები, პუფები, ლაზერები. არც ერთი ნივთი არ არის კანონსაწინააღმდეგო“.
ჩვენ მოძალადეები არ ვართ. იქ დგანან მოძალადეები, რომლებისგანაც ჩვენ ვიცავთ ხალხს. აქ არაფერი დასამალი არ არის. რაც უნდათ, შეუძლიათ, წაიღონ, ტუალეტის ქაღალდიც შეიძლება გააყოლონ. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება“, – თქვა ელენე ხოშტარიამ.
„გირჩი-დროას“ ოფისში ჩხრეკის დროს კოალიციის წევრები არ შეუშვეს. თუმცა, სწორედ ამას ითხოვდა ნიკა გვარამია, რა დროსაც ის ძალადობით დააკავეს და მანქანაშიც ძალადობით ჩასვეს. მას აღარ ეცვა ფეხსაცმელი. კადრებში ისმოდა ხმა, რომ გვარამიას გონება ჰქონდა დაკარგული და საჭირო იყო სასწრაფოს გამოძახება, თუმცა, ამ მოთხოვნას ყურადღება არავინ მიაქცია. ის დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც თავისი ფეხით შევიდა. შსს-ის განცხადებით, „ახალის“ ლიდერი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.
რამდენიმე წუთში დააკავეს „გირჩი-დროას“ წევრი, გელა ხასაია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.
პოლიცია შევიდა ენმ-ის ოფისში. რამდენიმე საათის შემდეგ პარტიის წევრმა, იგორ ნარმანიამ თქვა, რომ ოფისიდან გაიყვანეს პარტიის ახალგაზრდიული მოძრაობის 5 წევრი.
პარტიის ცნობით, დაკავებული არიან: დავით გედენიძე, ვახტანგ გაგნიძე, ირაკლი არდია, საბა ბირკაია, მიშიკო ჯანიკაშვილი.
დააკავეს „ლელოს“ წევრები ვასო კაძელაშვილი და ვეფხო კასრაძე.
პარტიის წევრის, საბა ბუაძის თქმით, მიზეზი სამთავრობო არხებზე: იმედზე, პოსტივიზე, სამთავრობო ონლაინმედია „კვირაზე“ – გასული ვიდეოა, რომელიც საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და რომელშიც, არხის მტკიცებით, კასრაძე და კაძელაშვილი „ძალადობრივ გეგმაზე“ ლაპარაკობენ.