„პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი თავის ცემასა და დაკავებაზე

პუბლიკა

,,ეს იყო 28 ნოემბრის ღამე, 29 ნოემბერი იყო დაწყებული. ვიდექი ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში სხვა მედიებთან ერთად. უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს, თითქოს, სიტუაციაც არ იყო დაძაბული და კონტროლიდან გამოსული. უცებ დავინახეთ, რომ პირდაპირ ჩვენკენ გამოიქცა ჯგუფი ნიღბიანი პირებისა, რომელთაც არ ჰქონდათ საიდენტიფიკაციო ნიშნები. აგრესიულად უყვიროდნენ და აგინებდნენ აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს.

რომ დავინახე, ესენი გამოცვივდნენ, ვიფიქრე რომელიმე მოქალაქის დასაკავებლად, დავიწყე უკან სვლა და ვცდილობდი გადამეღო უფრო უსაფრთხო სივრციდან, როცა წამავლეს ხელი და აღმოვჩნდი მათ ცენტრში და მაშინვე დამიწყეს ცემა. ვყვიროდი, რომ ვარ ჟურნალისტი, თუმცა მალევე გავიგონე, ჰოდა ჟურნალისტი რომ ხარ, შენი ასე და ისეო, შემაგინეს. მაგ დროს ჩამარტყეს და გავაცნობიერე, აზრი არ ჰქონდა, ვინ ვიქნებოდი, რა პროფესიის და რომ დაცული უნდა ყოფილიყო ჩემი უფლებები. მათთვის მთავარი იყო, რომ ვიღაც ეცემათ, თან დიდი მონდომებით.

ცოტა ხანს მატრიალებდნენ აქეთ-იქით, მირტყამდნენ მუშტებს, ცდილობდნენ, წაეგლიჯათ ყველაფერი. მე მეკეთა ამოსაცნობი ნიშნები, ჩაფხუტი, აირწინაღი, მქონდა დიდი პრესბარათი, ორი ფოტოკამერა, რომლებიც წამართვეს. ჩამომგლიჯეს პრესბარათი, მომაგლიჯეს აირწინაღი, ცდილობდნენ, რომ ჩაფხუტი მოეგლიჯათ, ეტყობა სტკიოდათ, ჩაფხუტს რომ ურტყამდნენ. მერე ცემის კორიდორი გააკეთეს, წამიყვანეს დასაკავებლად და ამ კორიდორშიც მირტყამდნენ აქეთ-იქიდან. რამდენჯერმე ჩავიკეცე, ვცდილობდი, არ დავცემულიყავი. ვხედავდი, რომ უკნიდანაც მორბოდნენ, რომ ჩაერტყათ. იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო, გამეძლო, რაც შეიძლება, მეტხანს გამეძლო. როცა ვიფიქრე, რომ ყველაფერი მორჩა, ავიხედე და მაშინ მომხვდა ყველაზე მძიმედ ხელი. დავეცი, გავითიშე რამდენიმე წამით. მერე დავინახე, რომ სახეში ფეხი ჩამარტყეს.

მერე ამათრიეს და პარლამენტის უკან გამიყვანეს. რომ გამოვფხიზლდი, მახსოვს, ის ვთქვი, რომ მეტი აღარ შემიძლია, ნუ მცემთ, უბრალოდ დამაკავეთ-მეთქი. განყოფილებაში დაგვხვდნენ ექიმები. ექიმებმა რომ შეგხვედეს, მოითხოვდნენ, რომ ვიყავით სასწრაფოდ გადასაყვანი. ერთ-ერთი დაკავებული ითიშებოდა, მე სისხლდენას ვერ მიჩერებდნენ, ცხვირი მქონდა ცუდ მდგომარეობაში, თავიც სისხლიანი მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მალე გადამიყვანეს, ხელბორკილიც არ მომხსნეს დიდხანს, წყალიც არ მოუწოდებიათ. დაიწყეს ჩემი გაფორმება, მომცეს ოქმი, სადაც ეწერა ,,აღიარებითი ჩვენება” , თითქოს მე ვიგინებოდი ხმამაღლა და პოლიციას ვაყენებდი შეურაცხყოფას. ასეთი რამე ტყუილია, ხელი არ მოვაწერე და ამის მერე გადამიყვანეს კლინიკაში.

კლინიკაში გამიკეთეს გამოკვლევები. თავზე მქონდა დაზიანებები, ჯერაც დაკვირვების ქვეშ ვარ, შესაძლოა, ჰქონდეს განვითარება. ყველაზე მძიმედ მქონდა ცხვირი, მრავლობითი მოტეხილობა. ჩამიტარდა ოპერაციაც. შეშუპება მქონდა საფეთქლების არეში. მტკიოდა კეფა, კისერი, ნეკნები, ფეხი…

ჩემთვის ყველაზე მძიმე ისაა, რომ ვფიქრობდი, მალევე დავბრუნდები უკან-მეთქი და ექიმმა მითხრა, რომ ცხვირის შეხორცებას დიდი დრო უნდაო… ალბათ, მეორე დღე იყო, როცა ყველაფერი გავაცნობიერე და ბევრად უფრო ცუდად გავხდი, ფიზიკურ ტკივილს უფრო მარტივად ავიტანდი, ვიდრე მე, რომელიც მიჩვეული ვარ, 11 წელია, ვმუშაობ და სულ გარეთ ვარ, ყველა აქცია გამიშუქებია, სახლში უნდა ვიჯდე და ტელევიზორში ვუყურებდე, რაც გარეთ ხდება. მედიაზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზანი ისიცაა, რომ არა მხოლოდ ფიზიკურად დააზარალონ ადამიანი, ხელიც შეუშალონ იმაში, რომ დაბრუნდნენ და გააგრძელონ მუშაობა. მე ვერ ვიტყვი, რომ ვარ შეშინებული, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები და ისევ გავაშუქებ პროცესებს. ახლა მოტივაცია უფრო მეტი მაქვს“