ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არასამართლიანი იყო.
ასევე, რეზოლუციაში სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობრივ რეპრესიებზე; შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან; შეაჩეროს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა და შესაბამისად, გაზარდოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა.
„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს არც თავისუფალ და არც სამართლიან არჩევნებად. მაშასადამე, სეიმი მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას, საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ […]
[სეიმი] მტკიცედ გმობს საქართველოს მთავრობის ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ თბილისსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინებას, და მომიტინგეების უკანონო დაკავებას. ასევე, რუსული პროპაგანდის დეზინფორმაციის სისტემატურ გავრცელებას მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ”, – წერია რეზოლუციაში.
სეიმის რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს მოწოდებას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.
დოკუმენტი მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით, დარღვევების სათანადოდ და სრულყოფილად შეფასების მიზნით.
ამასთანავე, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს რუსული კანონი, უზრუნველყოს მოქალაქეების შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი გამოყენებისგან.
რეზოლუციას მხარი სეიმის 109 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე, მხოლოდ ერთი იყო – ვალიუს აჟუოლასი, „ფერმერებისა და მწვანეთა კავშირიდან”.
1 დეკემბერს ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები ერთობლივად შეთანხმდნენ, დაუწესონ ეროვნული სანქციები მათ, „ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში”.
მეორე დღეს, 2 დეკემბერს კი ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ასევე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილეები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დასანქცირებულები არიან.
ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ შემდეგ პირებს:
- ბიძინა ივანიშვილი;
- ვახტანგ გომელაური – შს მინისტრი.
- შალვა ბედოიძე – შს მინისტრის მოადგილე;
- იოსებ ჭელიძე – შს მინისტრის მოადგილე;
- ალექსანდრე დარახველიძე – შს მინისტრის მოადგილე;
- იოსებ ბუთხუზი – შს მინისტრის მოადგილე;
- ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- მირზა კეზევაძე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის უფროსი;
- თეიმურაზ კუპატაძე – კრიმინალური პოლიციის უფროსი;