შსს: დიმიტრი ჩიქოვანის ბინიდან ამოვიღეთ იარაღები, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში ჩხრეკისას „მოწყობილი სპეციალური სამალავიდან” ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელდა ჩხრეკა, როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში. სამართალდამცველებმა ოფისებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე, ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – ნათქვამია განცხადებაში.