საქართველოში მოქმედი ადვოკატები საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან და საერთო განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გმობენ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში მიმდინარე სისტემურ ძალადობას.
ადვოკატები მოითხოვენ, „კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულმა „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელის შეშლა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”.
„ჩვენ, საქართველოში მოქმედი ადვოკატები, ვგმობთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას.
ვართ ჩვენი პროფესიული ფიცისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულნი, რომლის მიხედვითაც – „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
„ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის პროცესი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და საქართველოს მოქალაქეების ნებას.
ამ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოსახლეობის სამართლიანი და ლეგიტიმური პროტესტი მოჰყვა. ბოლო დღეების განმავლობაში მშვიდობიან დემონსტრანტებს არ მიეცათ მათი კონსტიტუციური უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. მომსწრენი გავხდით არაერთი სასტიკი დარბევის, ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის, ტერორის, ღირსებისა და პატივის შელახვის, გამოხატვის და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის და სხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის.
მოვითხოვთ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასული „ქართული ოცნებისგან”, შეწყვიტოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელის შეშლა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობა.
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია!”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროტესტის მეცხრე დღეს სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილმა მსვლელობით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა. მათ, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თავს „ქართული ოცნების“ შეიარაღებული „ტიტუშკები“ დაესხნენ.
მსვლელობა საბურთალოზე დასრულდა.