შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.
როგორც შეერთებული შტატების დემოკრატი სენატორი მერილენდის შტატიდან და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რეაგირება უნდა მოჰყვეს იმას, რომ საქართველოში ხალხის ნება არ სრულდება.
„ვფიქრობ, თქვენ იხილავთ შეერთებული შტატებისგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის. ხალხის ნება არ სრულდება, ამას რეაგირება ყველგან უნდა მოჰყვეს“,- აცხადებს ბენ კარდინი.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ფიქრობს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.
„ძალზე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. ამის სრული აღქმა უნდა არსებობდეს, ევროკავშირი და სხვებიც ამ დასკვნამდე უნდა მივიდნენ, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა. ეს ძალზე სამწუხაროა, რადგან საქართველოს ისეთი ბრწყინვალე მომავალი ელოდა!”, – ამბობს კონგრესმენი „ამერიკის ხმასთან” და დასძენს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის რუსეთის აგრესია უცხო და ახალი არაა.
ამასთან, [ქართველები] ნამდვილად თავადაც იყვნენ კრიმინალი პუტინის ომის აგრესიის მსხვერპლნი… თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს. საქართველოში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ვამაყობ საქართველოს პრეზიდენტის სიმამაცით. მათ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი “, – აცხადებს უილსონი.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, რომელმაც მაისში ე.წ. „მეგობარი აქტი” წარადგინა.