სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ტიტუშკების თავდასხმას და მოუწოდებს „საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება”.
„ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა”- ნათქვამია განცხადებაში.
„ტვ პირველის“ ცნობით მათ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე თავს დაესხნენ. გაიტაცეს „ტვ პირველის“ სამაუწყებლო აპარატურა.
როგორც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვება ე.წ. ტიტუშკები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ე.წ. „ტიტუშკები“ შეიჭრნენ და ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი.