საქართველოს საპატრიარქო TV პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმას ეხმაურება.
საპატრიარქო მოუწოდებს „საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში”.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს ,,ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში.
ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად.
მივმართავთ საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და კეთილგონიერება.
გავუფრთხილდეთ თანამოქალაქეებს და ამ რთულ დღეებში განსაკუთრებულად გავაძლიეროთ ლოცვა მშვიდობისა და ერთობისათვის!”, – ნათქვამია განცხადებაში.
TV პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს მოძალადეების ჯგუფი 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხა თავს.
როგორც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვება ე.წ. ტიტუშკები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
სპეციალურმა საგამოძიებო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჟურნალისტებზე თავდასხმის არაერთი საქმეა შესული, თუმცა უწყებას არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოუვლენია.