აქციების დაკავებულ მონაწილეს, რევაზ კიკნაძეს, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
6 დეკემბერს რევაზ კიკნაძემ იზოლატორიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიცია მას ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდა. კერძოდ, კიკნაძის ცნობით, მას სთხოვდნენ, რომ დაესახელებინა ადამიანები, რომლებიც თითქოს „აფინანსებდნენ”. რევაზ კიკნაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
მეგობრების ცნობით, კიკნაძე 6 დეკემბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს – მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა 28 ნოემბრიდან აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები შეჯამებულად გამოაქვეყნეს. მათი ცნობით, აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი – აქედან ადმინისტრაციული – 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით – 26, ნაცემია და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0.