ექიმის თქმით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქია ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
ექიმის ცნობით, დაწყებულია სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი.
„დაწყებულია სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჯერჯეროვნად, თუმცა გართულებისგან არავინ გახლავთ დაზღვეული და შესაბამისად, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ნებისმიერი ასეთი მოსალოდნელი გართულებების პრევენცია მოხდეს.
ეს პაციენტი თავიდანვე რეანიმაციაში იყო განთავსებული და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მოითხოვს კვლავ რეანიმაციაში ყოფნას. მისი გამოღვიძების პროცესი არ არის დასრულებული და გამოღვიძების შემდეგაც მისი მდგომარეობა ფრიად საყურადღებო იქნება და მოითხოვს მულტიდისციპლინური გუნდის მართვას,” – აცხადებს კლინიკური დირექტორი კახაბერ ჭელიძე.
როგორც დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა „ინტერპრესნიუსთან“ კომენტარში განაცხადა, ალექსი თირქიას შეუმცირეს საძილე პრეპარატები და აქვს მცირედი რეფლექსები.
„ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა შეუმცირეს საძილე პრეპარატები. გუშინ დილიდან დაიწყო შემცირება, რომ დაიწყოს გამოღვიძების პროცესი. აქვს მცირედი რეფლექსები: თვალების, ქუთუთოების ხამხამი, თითების მოძრაობა, წამოახველა, შარდის გამოყოფა გაუმჯობესდა.
[მდგომარეობა] დღეს საღამომდე უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს წესით. ეს ცვლილებები კი დადებითია, მაგრამ ახალ სურათს არ გვაძლევს, რომ დაგვაიმედოს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს ან უარესობისკენ, ან პირიქით, დადებითისკენ, რადიკალურად. ნელ-ნელა უნდა მოხდეს გამოღვიძება, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება გამოღვიძების პროცესი, უფრო უკეთესი და უსაფრთხოა. უცებ გამოღვიძება რეკომენდებული არააო“, – განაცხადა ჩანადირმა.
3 დეკემბრის აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქიაა.
ექიმის თქმით, კაცი კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით.
მისივე განცხადებით, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია, აქვს გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევა.
მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმისვე თქმით, პაციენტი ამბობს, რომ ჰქონდა ტრავმა ბლაგვი საგნით, თუმცა, გონება დაკარგა და მომხდარს ზუსტად ვერ იხსენებს.
ექიმის ინფორმაციით, თირქიას ოპერაციის შემდეგ ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. მისივე განცხადებით, ჭრილობაში უცხო სხეული არ უნახავთ.
ახალგაზრდა კაცს სახეზე, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მიერ ნასროლი გაზის კაფსული მოხვდა.
დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.