პრეზიდენტმა ODIHR-ს მიმართა, მოავლინოს სპეციალური მონიტორინგის მისია საქართველოში

პუბლიკა

პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიმართა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რათა გაეცნო რა მდგომარეობაა ქვეყანაში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიმართა: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს (ვოლკერ ტუკი), გაეროს სპეციალური მომხსენებელს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში (ირენ ხანი), გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეკრების თავისუფლების საკითხებში (ჯინა რომერი), გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში (ალისა ჯილ ედვარდსი), თვითნებური დაკავების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე მომხსენებელს (მეთიუ გილეტი), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირის) დირექტორს (მარია ტელალიანი), ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში (იან ბრათუ), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს (მაიკლ მაიკლ ო’ფლაჰერტი), ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპულ კომიტეტს (ტერეზეა მარია რიტიერი).

„ამ ადამიანებს გაეგზავნათ დღეს უკვე ეს ვრცელი წერილი, რომელიც არის ერთგვარი შეკრებითი მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს, მოავლინოს სპეციალური მონიტორინგის მისია მათ სასამართლო პროცესებზე დასაკვირვებლად, რათა ჩვენი მოქალაქეები მარტო არ დარჩნენ უკანონო და უსამართლო სისტემასთან. ეს არის ის ჯგუფი, რომელსაც აქვს ეს მანდატი, რომ გააგზავნოს ქვეყნებში სწორედ ამ პროცესებზე დასასწრებლად თავიანთი სპეციალური მისია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ისაუბრა არაერთ კოლეგასთან, ჰქონდა „მოკლე მაგრამ შინაარსიანი“ შეხვედრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან და მათთან ისაუბრა, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება მიუღებელი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და „ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება“.

მისივე თქმით, დღეს ტრადიციული სადილი ჰქონდა საქართველოში მყოფ ელჩებთანაც, რომლებსაც მკაფიო მესიჯი გადასცა თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებისთვის, რომ „დღეს წყდება ამ ყველაფრით და ამ ყველაფრის მიმართ რეაგირებით არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, დღეს წყდება ამ რეგიონის მომავალი“, ასევე ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალიც.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის მერე ვერც ერთი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნების მეთაურები ვერ იტყვიან -„არ ვიცოდი, ყველამ ყველაფერი იცის“.