იოზვიაკი: EU განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის.

იოზვიაკის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და მხოლოდ უმრავლესობაა საჭირო.

რიკარდ იოზვიაკი ასევე აღნიშნავს, რომ აქ არის ერთი გარემოება, კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიური პასპორტების გარდა აქვთ „ჩვეულებრივი” ბიომეტრიული პასპორტებიც. შესაბამისად, იოზვიაკის ცნობით, თუ ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს გააუქმებს, ეს უფრო სიმბოლური ნაბიჯი იქნება.

ევროკავშირი რომ განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას კონკრეტული კატეგორიის პასპორტების მფლობელებისთვის, ეს 9 დეკემბერს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმაც დაადასტურა.

ამასთანავე, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, აშკარად მოითხოვს სანქციებს. ელჩმა მიუთითა, რომ სანქციების მოსამზადებლად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მას 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.

„როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის მოვლენებზე პასუხად, ყველა ვარიანტი განიხილება. ეს ასევე მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები. არსებობს ვარიანტი, რომ უვიზო რეჟიმი გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის შეჩერდეს.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება – ჩვენ არ გვინდა დავსაჯოთ ის ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას გამოხატავენ, რომლებიც თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში არიან გამოსულნი და აფრიალებენ როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის დროშებს.

მაგრამ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ძალადობასა და სისასტიკეზე არიან პასუხისმგებელი… ჩვენ ვერ დავრჩებით ჩუმად“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.