ჰერჩინსკი: დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას ან არაღიარებას

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ეხმაურება კრიტიკას, რომელიც მან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო მიიღო.

ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მას საგარეო საქმეთა სამინისტროდან სთხოვეს მისვლა. მისივე თქმით, მიუხედავად კრიტიკისა, მისი მოვალეობაა, დიპლომატიური საუბრები აწარმოოს და ევროკავშირის პოზიცია გააჟღეროს, რაც არ ითვალისწინებს არჩევნების შედეგების აღიარებას ან არაღიარებას.

ელჩი აღნიშნავს, რომ მან საგარეო საქმეთა სამინისტროში გააჟღერა ევროკავშირის პოზიცია, რომ ძალადობა, სისასტიკე და უკანონო დაკავებები მიუღებელია.

„მე დიპლომატი ვარ. ჩემი როლია, კომუნიკაციის არხები ყველასთან იყოს ღია, ყველას ვესაუბრო. დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას ან არაღიარებას. ყველას ვხვდები და ველაპარაკები. მე ვესაუბრები ადამიანებს, რომლებსაც ვეთანხმები. ასევე ვესაუბრები იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ვეთანხმები. როგორც დიპლომატი, უბრალოდ ჩემს საქმეს ვასრულებ.

ვიცი, რომ გამაკრიტიკეს ხელისუფლებაში. ვიცი, რომ პრეზიდენტმა გამაკრიტიკა. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმაც კი გამაკრიტიკა. მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ევროკავშირი ვერ გაჩუმდება. მე გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა კონტაქტს ევროკავშირის პოზიციის წარმოსაჩენად.

არ ვარ პოლიტიკოსი, არ მჭირდება, რომ ამირჩიონ ან ხმა მომცენ, ეს ჩემს პოპულარობას არ ემსახურება, ჩემი მოვალეობაა, ამოვიღო ხმა, როდესაც ვხედავთ ძალადობას, უკანონო დაკავებებს, სწორედ ეს საკითხები წამოვჭერი, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დამიბარეს”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.


9 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

უწყებაში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტოები თავად საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მასში ასევე მითითებულია, რომ, თავის მხრივ, ელჩმა გამოხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჰერჩინსკის ამ ჟესტს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების, ასევე, „ქართული ოცნების” მიერ შეჩერებული ევროინტეგრაციის და საპროტესტო აქციების ფონზე, რომლის ჩასახშობადაც „ოცნება“ სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდს იყენებს, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ხოლო „ოცნების” წევრმა, თეა წულუკიანმა „ფეისბუქზე” ჰერჩინსკის მიმართა:

„ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ”.

პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა EU-ის ელჩისა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ხელის ჩამორთმევის გაპროტესტებით დაიწყო. ამის შესახებ პრეზიდენტი X-ზე დაწერა და მისი და ელჩების შეხვედრის ამსახველი ფოტოები გააზიარა.

„რაც არ არის ნათქვამი, არის ის, რომ მე [შეხვედრა] დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის აღმაშფოთებელი ხელის ჩამორთმევის გამო. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს”, – დაწერა ზურაბიშვილმა.