ბექა დალაქიშვილი: ავთანდილ კასრაძე იცავს „ოცნების" ინტერესებს, აღარ ვითანამშრომლებ GITA-სთან

პუბლიკა

სტარტაპერი, „კერნელის” თანადამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი ამბობს, რომ აღარ აპირებს, ითანამშრომლოს საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან ან იყოს მასთან აფილირებული რამე ფორმით.

ბექა დალაქიშვილმა ეს გადაწყვეტილება პარასკევს GITA-ს თვმჯდომარესთან, ავთანდილ კასრაძესთან სტარტაპერების შეხვედრის შემდეგ მიიღო.

GITA წელიწადში რამდენჯერმე გასცემს გრანტებს სტარტაპებზე. გრანტის თანხების ძირითადი წყარო მსოფლიო ბანკი, USAID და ევროკავშირი არიან.

13 დეკემებრს სტარტაპერები GITA-სთან შეიკრიბნენ და კასრაძესთან შეხვედრა და მათგან პასუხები მოითხოვეს: რა ელის სტარტაპ ეკოსისტემას მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე.

ავთანდილ კასრაძე შეხვედრას დათანხმდა. თუმცა, სრატაპერებმა მისგან კითხვებზე სასურველი პასუხი ვერ მოისმინეს – GITA-ს თავმჯდომარე ამბობდა, რომ „არ ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთს უახლოვდება” და რომ „პრემიერ-მინისტრს არ უთქვამს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე”.

ბექა დალაქიშვილის თქმით, „GITA, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი გადაქცეულია, პარტიულ სტრუქტურად, ხოლო მისი ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ქვეყნისა და ეკოსისტემის ინტერესების ნაცვლად იცავს “ქართული ოცნების” ინტერესებს”.

„მე, როგორც მოქალაქე, ვფიქრობ რომ „ქართული ოცნება” საქართველოს ინტერესების მტერია და ვინც ამ რეჟიმს ემსახურება, ასევე ღალატობს საქართველოს.

შესაბამისად, სანამ „ჯიტა” დარჩება პარტიულ სტრუქტურად და ვიდრე მისი ხელმძღვანელი იქნება რეჟიმის მსახური, მე არ ვაპირებ ვითანამშრომლო „ჯიტასთან” ან ვიყო მასთან აფილირებული:

– „ჯიტას” ეგიდით ან დაფინანსებით არ გავუწევ მენტორობას დამწყებ სტარტაპებს (ამას ძირითადად ინდივიდუალურად ისედაც ვაკეთებ და თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყოველთვის შეუძლია, დამიკავშირდეს).

– არ გავაკეთებ განაცხადს და არ მივიღებ არანაირ დაფინანსებას/გრანტს ან სხვა ფინანსურ სარგებელს „ჯიტასგან”. 

– არ მივიღებ მონაწილეობას „ჯიტას” მიერ ორგანიზებულ არანაირ ღონისძიებაში.

აქვე დავაზუსტებ, რომ ეკოსისტემის ზომიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დავრჩე ეკოსისტემის აქტიურ წევრად და შეძლებისდაგვარად დავეხმარო მას განვითარებაში, მომიწევს ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სადაც რაიმე ფორმით „ჯიტაც” იქნება წარმოდგენილი.

ცხადია, ეს გადაწვეტილება ჩემთვის უფრო არაკომფორტული და „საზიანო” იქნება ვიდრე „ჯიტასთვის”. 

მაგრამ ეს არის ჩემი პროტესტის გამოხატვის და გაფიცვის ერთგვარი ფორმა”. – ამბობს ბექა დალაქიშვილი.

სტარტაპერები და ზოგადად, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები აქტიურად მართავენ საპროტესტო აქციებს. გასულ კვირას მათ 2-დღიანი მსვლელობები მოაწყვეს, გადაკეტეს მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, გმირთა მოედანსა და სხვა ადგილებში.

ისინი დღეს, 15 დეკემბერსაც იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე და გეგმავენ საპროტესტო მსვლელობას.

მათი მოთხოვნებია:

  • რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლება;
  • ხელახალი არჩევნების ჩატარება;
  • მოქალაქეებზე ძალადობაში პასუხისმგებელი პირების დასჯა.
  • ეწინააღმდეგებიან ძალადობას მოქალაქეების მიმართ;