დაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალ წლამდე გათავისუფლდნენ დაკავებულები - 60-ზე მეტი ბიზნესის საერთო განცხადება

პუბლიკა

60-ზე მეტი ბიზნესი ითხოვს, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული ადამიანები ახალ წლამდე გათავისუფლდნენ. საერთო განცხადებაზე ხელმწორა ახალ პლატოფრმა – Freebusiness.ge-ზეა შესაძლებელი.

„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, – წერია განცხადებაში.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ამ გადაწყვეტილებას მე-18 დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. პარლამენტთან აქციებზე ჯამში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი ნაწილი სისხლის სამართლის წესით. სპეცრაზმი აქციების დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის. სამართალდამცავებმა სცემეს აქციის არაერთი მონაწილე, მათ შორის ჟურნალისტები.