ყაველაშვილი: გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა, ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი

პუბლიკა

მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 15 დეკემბერს „იმედთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ხედავს შესაძლებლობას, საზოგადოება გაერთიანდეს და დასრულდეს პოლარიზაცია, რაშიც დიდი იქნება პრეზიდენტის როლი. 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.

როგორც ყაველაშვილმა თქვა,  შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან და ირაკლი კობახიძისგან მიიღო:

„რაც შეეხება შემოთავაზებას, ვიქნები გულწრფელი, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერმა დამიძახეს შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა შეიძლებოდა განხილულიყო“.

მისივე თქმით, რამდენიმე დღე მისცეს, რომ „გამეანალიზებინა, თუ რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის აღებას. იმ დღეებში მოხდა პოლიტსაბჭოს წევრებთან, ჩვენი უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციები და შემდეგ მათმა, ასე ვთქვათ, მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა იმისთვის, რომ ამ კანდიდატობაზე თანხმობა მიმეცა“.

მისივე თქმით, წარსულში, რიგ შემთხვევებში, რადიკალური და აგრესიული იყო, თუმცა „ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესს“.

„ბოლო წლებში საზოგადოებისთვის შეიძლება ცოტა უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო, არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იყო ჩემ წინაშე, ჩემი გუნდის წინაშე. რატომ ვიყავი, ვთქვათ, რიგ შემთხვევაში რადიკალური, აგრესიული. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ეროვნულ ინტერესს. ეს გულწრფელობა, ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი, მაგრამ გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის ინტერესის დაცვას, უბრალოდ სხვა ფორმით“, – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

ამავე ინტერვიუში მან ისაუბრა საპროტესტო აქციებზე, რომელიც მე-18 დღეა მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ ლიდერების მსგავსად, პოლიციას გადაუხადა მადლობა.

„კითხვა იბადება, არის თუ არა ჩვენი პოლიცია მოძალადე?! აქ მარტივად არის შესაფასებელი და მე მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ უფრო მკაფიო ვიყო და პირიქით, მადლობა გადავუხადო, რა პირობებში უწევს ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს პროცესების მართვა. ვერ დამისახელებს ვერც ერთი ადამიანი, რომ სადაც მშვიდობიანი აქცია იყო, პოლიციამ ის ძალით დაშალა ან რამე ძალადობის აქტს ჰქონდა ადგილი პოლიციის მხრიდან. ვერ დამისახელებენ ვერც ერთ ფაქტს, არა მარტო ამ აქციებთან დაკავშირებით, არამედ რაც კი აქციები ჩატარებულა ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის დროს“, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.