ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა

პუბლიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ესტონეთში, ზურაბ ხამაშურიძე დაიბარა ქართველი ხალხის, ოპოზიციის ლიდერების და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე დისკუსიისთვის და ესტონეთის შესახებ „ოცნების“ მტრული განცხადების შესახებ სასაუბროდ –  ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მარკუს ცაჰკნა ამბობს, რომ ავტორიტარული მთავრობის და შალვა პაპუაშვილის განცხადებები მიუღებელია, მტრულია და ტყუილებითაა სავსე.

„დასანანია, რომ იმ ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პროგრესი ევროპისკენ ესტონეთის მხრიდან 30 წლის განმავლობაში მხარდაჭერილი იყო, ემორჩილება მტრულ რიტორიკას ესტონეთის სუვერენიტეტის შესახებ, რითაც იმეორებს რუსეთის ნარატივს“, – განაცხადა ცაჰკნამ.

სამინისტროს ცნობით, ელჩთან შეხვედრა ასევე შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, მის წინა და შემდგომ პერიოდს.

„არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს ფართომასშტაბიანი დარღვევების ფაქტი და ესტონეთის მთავრობამ თავისი პოზიცია მინისტრ ცაჰკნას განცხადებაში გამოთქვა. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს ქუჩებში საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს.

„კანონის უზენაესობის პირობებში ესტონეთს ამასთან შეგუება არ შეუძლია. ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი განცხადებები და დავაწესეთ სანქციები შესვლის აკრძალვის სახით 25 პოლიტიკოსისა და მაღალჩინოსნის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე“, – განაცხადა მინისტრმა – „მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია, შოკში ჩააგდო ხალხი და შთააგონა ისინი, რომ გამოსულიყვნენ ქუჩაში საკუთარი აზრის გამოსახატავად და მათ აქვთ ამის უფლება“, – თქვა ცაჰკნამ.