შსს: მაღაზია „არტ-თაიმის“ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღაზია „არტ-თაიმის“ გაქურდვის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „არტ-თაიმის” შუშის კარი დააზიანა, ობიექტში უკანონოდ შეაღწია და ფარულად დაეუფლა იქ არსებულ საათებს.

ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული გორში დააკავეს. ნაქურდალი საათების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.