მეცოლა: ვგმობთ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას, ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია

პუბლიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

მეცოლას თქმით, „ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიას ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას“. მისივე თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ევროპის კარი ყოველთვის ღია რჩება.

„თქვენ ბოლოს როდესაც სტუმრობდით ევროპარლამენტს, განვიხილავდით თქვენი ქვეყნის პროგრესს ევროპულ ოჯახში გაწევრების გზაზე. დღეს ეს გზა საფრთხის წინაშეა.

ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიას ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას“. ეს ქმედებები იწვევს ჩვენ მიერ ბოლო წლებში ერთობლივად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების უკუსვლას.

შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ ეს პალატა გამოვიდა გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოწოდებით და ჩვენ ვიმეორებთ ამ მოწოდებას ახლა.

მე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი შიშობს საკუთარი ქვეყნის მომავლის გამო. ასევე ვიცი, რომ ვსაუბრობ მთელი ამ პალატის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა ქართველს, რომელიც იყურება ევროპისკენ მხარდაჭერისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან – ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და ჩვენ თქვენთან ვართ. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.


დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მან სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტისა და მათი დელეგაციის მიმართ მადლობით დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის გადამწყვეტი დროა, რადგან „რამდენიმე დღე და თვეა, ჩვენ, ფაქტობრივად, ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება“.

მან ისაუბრა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და აღნიშნა, რომ ეს მოძრაობა არ დაწყებულა 21 დღის წინ – ის მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველ ჯერზე მასობრივად გამოდიან ქუჩებში, როცა საკითხი ეგზისტენციალურია.

„ეს პროტესტები დაიწყო არჩევნების შემდეგ, ეს პროტესტები იყო გაზაფხულზე, როდესაც რუსული კანონი მეორედ შემოიღეს, ეს პროტესტები იყო გასულ გაზაფხულზე, როდესაც იგივე კანონი პირველად წარადგინეს.

ეს პროტესტები საქართველოს ერთგვარი ნიშა ან თავისებურებაა – ყოველ ჯერზე, როდესაც ქართველი ხალხი თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის მიმართ საფრთხეს გრძნობდა, ისინი ყოველთვის მასობრივად გამოდიოდნენ ქუჩებში.

ასეთი მასობრივი პროტესტები არ ყოფილა სოციალური პირობების გამო, არა იმიტომ, რომ კარგი სიტუაციაა, მაგრამ საქართველოში ხალხი მასობრივად გამოდის ქუჩაში, როცა მიაჩნიათ, რომ სასწორზე დგას ეგზისტენციალური საკითხი და სწორედ ეს შემთხვევაა დღეს.

ეს არის ძალიან მშვიდობიანი, ძალიან მასობრივი სამოქალაქო, ერთგვარი დაუმორჩილებლობის მოძრაობა და მას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: „დამიბრუნე ჩემი ხმა“, რაც მოპარული არჩევნების შედეგია და „დამიბრუნე ჩემი მომავალი, ჩემი ევროპული მომავალი“, ეს არის მოთხოვნა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების შესახებ.

ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი მოთხოვნა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას. ეს ეხება ერთადერთ საკითხს – დავუბრუნდეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ვნახოთ, სად არის ქართველი ხალხის ნება დღეს“, – აღნიშნა მან.