ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებს ხვდება

პუბლიკა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ოპოზიციურ კოალიციებს და პარტიას ხვდება.

პირველი შეხვედრა ბერსემ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობასთან” გამართა.

განხილვის მთავარი თემა მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევებია.

თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დაწყებამდე თქვა:

„სახეზე გვაქვს ადამიანის უფლებებს დარღვევის არაერთი ფაქტი, არაჰუმანური მოპყრობის არაერთი ფაქტი, რომელსაც წამებად აფასებენ ადამიანის უფლებათა დამცველები. ეს არის ევროსაბჭო, რომლის წევრიც საქართველო არის 25 წელია. მათთვის მნიშვნელოვანია, შეაფასონ ეს მდგომარეობა, პირადად ნახონ ის უმძიმესი მდგომარეობა, რაც ივანიშვილის რეპრესიებმა გამოიღო. მთავარი მოთხოვნა, რასაც ჩვენ ვაყენებთ ამ დელეგაციასთან, არის უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება“.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ალენ ბერსე შეხვდება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და გიორგი გახარიას პარტიის წევრებს.

შეხვედრაზე უარს ამბობს „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია. მისი თქმით, არასწორია, რომ ევროსაბჭოს ლიდერი არ ხვდება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს.

„1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს

2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია“, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

შეხვედრაზე უარს ამბობს ზურაბ ჯაფარიძეც.

გუშინ, 18 დეკემბერს ალენ ბერსე შეხვდა სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს.

კობახიძესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი.

ივანიშვილთან შეხვედრაზე არც ბერსეს და არც „ქართულ ოცნებას“ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.