„კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ალენ ბერსეს არ შეხვდებიან

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის~ ლიდერები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს არ შეხვდებიან.

ელენე ხოშტარიას თქმით, არასწორია, რომ ევროსაბჭოს ლიდერი არ ხვდება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს და შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზიც სწორედ ეს არის.

„1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს

2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია“, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

იმავე მიზეზით შეხვედრაზე უარს ამბობს ზურაბ ჯაფარიძეც.

„ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:

ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს;

ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს;

გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს.

მით უმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლის უშუალოო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები;

მით უმეტეს, როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი;

მით უმეტეს, თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა.

სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში, თუ ამის სურვილი ექნება.

პ.ს. ვიცი. რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ოპოზიციურ კოალიციებსა და პარტიებს ხვდება.

ის უკვე შეხვდა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს. ბერსე ასევე, შეხვდება  პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

გუშინ, 18 დეკემბერს ალენ ბერსე შეხვდა სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს.

კობახიძესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი.

ივანიშვილთან შეხვედრაზე არც ბერსეს და არც „ქართულ ოცნებას“ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.