შინაგან საქმეთა სამინისტრო ცრუ ბრალდებას უწოდებს საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობასა და ნივთების წართმევაზე ლაპარაკს.
კერძოდ, შსს ირწმუნება, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო და რომ დემონსტრანტების დიდ ნაწილს „თავიდანვე ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ნივთები – ქვები, რკინის კონსტრუქციები, პიროტექნიკა და სხვა“. შსს ასევე ამტკიცებს, რომ ამოიღეს სხვა „კანონსაწინააღმდეგო ნივთები, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციელებზე თავდასხმისთვის“.
ხოლო თავად უწყება, როგორც ირწმუნება, „ვითარების დეესკალაციის მიზნით, კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა“.
დაშავებული მომიტინგეების შესახებ ინფორმაციის პასუხად შსს ამბობს, რომ „პოლიცია მხოლოდ მოძალადეებს აკავებდა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს“ და „დაზიანებები ამ დროს მიადგათ როგორც დაკავებულებს, ისე შსს-ის თანამშრომლებს“. უწყება ამბობს, რომ დაშავდა 171 პოლიციელი.
შსს ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულებს ჩამოართვეს პირადი ნივთები.
უწყება აცხადებს:
„პოლიციის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მიხედვით, პოლიციას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვს, დროებით ჩამოართვას, ან შეუზღუდოს პირს ნივთის ფაქტობრივი ფლობა.
პირადი ნივთები, რომლის ჩამორთმევაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოხდა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ დაკავებულ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება”.
შსს-ს თავის განცხადებაში არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველმა 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მოინახულა აქციაზე დაშავებული და დაკავებული 327 ადამიანი. მათგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – 225 პირი, ხილული დაზიანება აქვს 157 პირს.
მათი უმეტესი ნაწილი ლაპარაკობს, რომ წაართვეს პირადი ნივთები, უმეტესობას წაართვეს ტელეფონი. ზოგიერთ მათგანს წაართვეს ფეხსაცმელი და ქურთუკი.
„პუბლიკის“ ჟურნალისტ ანა მსხალაძეს წაართვეს ტელეფონი მაშინ, როცა ერთ-ერთი მშვიდობიანი მომიტინგის დაკავებას იღებდა, მას ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ტელეფონი მისთვის დღემდე არ დაუბრუნებიათ.
ასევე, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს, წაართვეს 2 კამერა, რომლებიც ასევე არ არის დაბრუნებული.
ტელეფონი წაართვეს „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტ ნინო რამიშვილს. რამიშვილმა შს მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ლოკაციის მიხედვით, მისი ტელეფონი უწყების შენობაშია და მისი დაბრუნება მოითხოვა, თუმცა, ის არ დაუბრუნებიათ.
დაკავებული მოქალაქეები ლაპარაკობენ წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაზე, მათ შორის, მათ ჯგუფურად ცემაზე სისხლით სავსე მანქანებში, ცემაზე გათიშულ მდგომარეობაში, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.
ბევრ დაკავებულს ჰქონდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა ძვლის მოტეხილობა.