ზურაბიშვილი: პროვოკაციულია დე ფაქტო პრემიერის განცხადება, რომ ღირსების ორდენით დააჯილდოებენ მაღალჩინოსნებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „პროვოკაციულია“ ირაკლი კობახიძის განცხადება ვახტანგ გომელაურის, ზვიად ხარაზიშვილისა („ხარება“) და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნების ღირსების ორდენზე წარდგენასთან დაკავშირებით.

„პროვოკაციულია ის, რაც დღეს მოვისმინეთ, რომ გუშინდელი ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ დაასანქციროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე, ამის პასუხი იყოს ის, რომ დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ ჩვენ დავაჯილდოებთ ღირსების ორდენით იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე, ძალადობაზე და იმ მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში.

ეს არის პროვოკაცია და მიჩვეული ვართ ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს. ეს არის შეურაცხყოფა, მათ შორის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნისაც. მას ჰგონია, რომ შევიდა კონსტრუქციულ დიალოგში და მეორე წუთში აკეთებენ ასეთ განცხადებას.

ყველაფერი ნათელია, ჩვენი გზაც. არ უნდა შეგვეშინდეს, მშვიდობიანი გზა წინ არის. ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვიჭერენ და ამას ჩვენ ვნახავთ კიდევ და კიდევ უფრო ნათლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


„ქართული ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ სანქცირებულ პირებს, ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილსა („ხარება“) და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენზე წარადგენენ.

კობახიძის თქმით, ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნებიან:

ვახტანგ გომელაური;

შალვა ბედოიძე;

ალექსანდრე დარახველიძე;

გიორგი ბუთხუხი;

იოსებ ჭელიძე;

თემურ კუპატაძე;

ვაჟა სირაძე;

სულხან თამაზიშვილი;

ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);

მილერი ლაგაზაური;

მირზა კეზევაძე.

ირაკლი კობახიძემ სანქცირებული ვახტანგ გომელაური დღეს, 20 დეკემბერს ვიცე-პრემიერადაც დანიშნა.


აშშ-მა გუშინ, 19 დეკემბერს „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას“ მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა. ასევე ისინი შეყვანილნი არიან მაგნიტსკის სიაში. 

მაგნიტსკის სია (Magnitsky List) არის სია, რომელიც შეიცავს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სახელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კორუფციაზე ან სხვა მძიმე დანაშაულებზე.

მაგნიტსკის სიები ხშირად გამოიყენება საერთაშორისო პოლიტიკაში, როგორც ინსტრუმენტი ავტორიტარული რეჟიმებისა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ.

დაწესებული სანქციებით მათი ქონება და აქტივები, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლშია, გაიყინება და უნდა აღირიცხოს OFAC-ის მიერ – გარდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომლებიც მინიმუმ 50%-ით ან მეტი პროცენტი ეკუთვნის დასანქცირებულ პირებს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეებისთვის აკრძალულია რაიმე ტრანზაქციის განხორციელება აღნიშნული პირების ქონებასთან ან აქტივებთან დაკავშირებით.

გარდა აშშ-ისა, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა. ჩამონათვალში არიან ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მილერი ლაგაზაური.