ზურაბიშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე: კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ახალ არჩევნებს ნიშნავს.

„კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი, ღრმა კრიზისიდან, რომელშიც ამ არჩევნებმა ჩააგდო საქართველო“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, დასკვნიდან ირკვევა რომ „არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული იყო“. კობახიძის თქმით, დასკვნაში საუბარია „მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებზე“.

„დასკვნაში, როგორც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, აქაც წარმოდგენილია კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის საუბარია ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – თქვა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, უბნების 76 პროცენტში, სადაც წარმოებდა დაკვირვება, ეუთო/ოდირმა ვერავითარი ხარვეზი ვერ დაადგინა, ხოლო „სხვა შემთხვევებში იყო ცალკეული ხარვეზები, რაც იქნა იდენტიფიცირებული“, რაც უკავშირდებოდა ბიულეტენების არასწორად შეყვანას, უბნის არასათანადოდ მოწყობას, ე.წ. გაჟონვას, ვიდეოგადაღებას და სხვა, თუმცა, კობახიძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იყო ვიდეოგადაღება წარმოება, „აქედან გამომდინარე, რთულია, ეს საკითხი დარღვევად ჩაითვალოს“.

ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ანგარიშში იმეორებს თავის ადრინდელ მიგნებებსა და დასკვნებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა. არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას ODIHR-მა დაადგინა, რომ საქმეები არ განიხილებოდა საკმარისად, რაც ზღუდავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ.

საქართველოში ODIHR-ის 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბოლოო ანგარიშში აღნიშნულმა მრავალმა საკითხმა უარყოფითად იმოქმედა არჩევნების მთლიანობაზე და საზოგადოებრივ ნდობაზე პროცესის მიმართ.