მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე მათ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
„ჩვენ ალბათ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვისაუბროთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. 2200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელმა გავაკეთეთ განცხადება. ჩვენი გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ: ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები“. – თქვა „თბილვინოს“ დამფუძნებელმა, გიორგი მარგველაშვილმა.
„პრემიერისგან დაველოდებით პასუხს – რა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში. როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია, როგორ უნდა შემცირდეს პოლარიზაცია, ბიზნესს და ქვეყანას რა უნდა ეშველოს. ბიზნესი, რა თქმა უნდა, რთულ მდგომარეობაშია. ტურისტი აღარ ჩამოდის, სტუმარ-მასპინძლის სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. პერსპექტივა არ ჩანს. მთავარია, მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია, შეიძლება, არჩევნები იყოს აქედან ერთ-ერთი გამოსავალი. დაველოდოთ, რას იტყვის პრემიერი. იმისთვის არ მივდივართ, რომ იქ დეკორაცია შევქმნათ. ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ პასუხები“. – თქვა „ნუტრიმაქსის” მმართველმა პარტნიორმა, ბექა ბექაიამ.
TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებამ კომპრომისული ნაბიჯიც უნდა გადადგას.
„ჩვენი ყველას პოზიცია არის ის, რომ რაც გასაკეთებელია უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. უნდა გადაიდგას რაღაც ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს. თუ საჭირო იქნება, კომპრომისული ნაბიჯიც უნდა გადაიდგას ხელისუფლებისგან. ჩვენ, საავიაციო სფეროს, გვჭირდება სტაბილურობა ქვეყანაში.
თუ ამისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი და ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ სხვა რამ, უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი. მცირეოდენი შემცირება არის. ხომ მოგეხსენებათ, დეკემბერში [ახალი წლის გამო] ეს ყველაფერი არ აისახება, მაგრამ იანვარ-თებერვალში თუ გაგრძელდა, აუცილებლად აისახება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს”. – თქვა თეა ზაქრაძემ.
სამშენებლო კომპანია „არსის“ დირექტორი, ბესო ორთოიძე ამბობს:
„ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება”.
შეხვედრას ესწრებიან „ქართული ოცნების” მომხრე ბიზნესმენებიც.
East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელძღვანელმა, ირაკლი იაშვილმა თქვა, რომ „მიმდინარეობს შეტევა ლარის კურსზე” და რომ „ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს”.
„ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? ნალოლიავები, 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი – მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ჩამოვაქციოთ. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს, რაც იცის. მე არ ვიცი პოლიტიკა, ბიზნესმენი ვარ და პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. არ ვუერთდები არანაირ პეტიციას, რადგან ჩემი მოსაზრებები მაქვს”. – თქვა ირაკლი იაშვილმა.
„12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც უკრაინაში ხდება? უკრაინა მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში რაც ხდება? რა უქნეს ქვეყანას, ნახეთ? იგივე გინდა, რომ აქ იყოს? აწიოკება გინდა ამ ქვეყნის? არ გამოგივა”. – თქვა ნოშრევან ნამორაძემ.
რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა ვებგვერდი freebusiness.ge, სადაც გამოქვეყნებულია განცხადება და მოთხოვნილია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციებს დროს დაკავებულების გათავისუფლება.
მას 2200-ზე მეტი ბიზნესი უერთდება, მათ შორის, მსხვილი ბიზნესები: მაგთიკომი, მაკდონალდსი, PSP, სპარი, მაგნიტი, აზრი და სხვები. ვებგვერდზე შეიძლება იმ კომპანიების ნახვაც, რომლებსაც განცხადებაზე აზრი ჯერჯერობით არ გამოუხატავთ.