აქციაზე დაკავებულ მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
სასამართლო სხდომაზე ბახუტაშვილმა მისი დაკავების ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ ის პოლიციელს მოუწოდებდა, არ დაეკავებინა გულწასული მოქალაქე, რა დროსაც თავადაც დააკავეს.
„მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, საკმაოდ გვიან მივედი, უკვე 30 თენდებოდა, აქციაზე და არც ერთი მოწოდება არ გამიგია. ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს, გზაში იკეცებოდა ეს ადამიანი და ვემუდარებოდი, რომ არ წაეყვანა ეს ადამიანი და არ დაეკავებინა, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო და ვცდილობდი ამეხსნა, რომ მისთვისაც ცუდი იქნებოდა, თუ ხელში ჩააკვდებოდა ეს ადამიანი და ამ დროს მიათრევდა გულწასულ ბიჭს.
არც გზაზე გადავღობებივარ ამ პოლიციელს, უკნიდან მივყვებოდი და თხოვნით შემოვიფარგლებოდი, ფიზიკურადაც არ შევხებივარ და მაგ დროს უკნიდან გავიგე გინება, მომხვდა რაღაც საგანი, სავარაუდოდ, ხელკეტი და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას, ვისზეც ვთხოვდი, რომ არ დაეკავებინათ”.
დღეს გაიმართა აქციაზე კიდევ ერთი დაკავებულისა და ნაცემი მოქალაქის, საბა ქევხიშვილის სასამართლო პროცესი – საქალაქო სასამართლომ ისიც სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ქევხიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.