ჩეხეთის პრეზიდენტი: ზურაბიშვილს ვთავაზობ მხარდაჭერას რთულ ვითარებასთან გამკლავების ძალისხმევაში

პუბლიკა

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი პლატფორმა X-ზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარზე წერს.

პაველის განცხადებით, ზურაბიშვილმა მას აცნობა საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების დარღვევებზე, რომლებიც ეუთო/ოდირის ანგარიშშია ხაზგასმული და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. პაველმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მხარდაჭერა შესთავაზა:

„გასულ პარასკევს, ეუთომ საქართველოში არჩევნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რასაც დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის სატელეფონო ზარი მოჰყვა უახლესი მოვლენების განსახილველად. მან მაცნობა არამხოლოდ ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიებზე, ძალადობისა და ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც სულ უფრო მეტად აახლოებენ საქართველოს რუსეთთან. პრეზიდენტს ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას რთულ ვითარებასთან გამკლავების ძალისხმევაში, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის აგრძელებენ ბრძოლას.” — წერია პეტრ პაველის განცხადებაში.