მიხეილ ყაველაშვილმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანისგან მილოცვა მიიღო

პუბლიკა

მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისგან მილოცვა მიიღო.

მანამდე ყაველაშვილმა მილოცვები მიიღო სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისგან, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან მიიღო.

„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო,

ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე, გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.

სრულად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადებში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – აღორძინება და ბედნიერება,” – ნათქვამია რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მილოცვაში, რომელსაც საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.

14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა. ყაველაშვილს 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი.

პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა. 300-წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერა იყო საჭირო.