სამთავრობო პროპაგანდისული ტელევიზიის, „იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე „იმედის” ეთერში ყვება, რა უთხრა ირაკლი კობახიძეს.
„ვთქვი სიტყვა, რომელმაც, როგორც ვხედავ, ვნებათაღელვა გამოიწვია. არ ვაპირებდი სიტყვის თქმას და იქ მომივიდა თავში, რომ ეს მეთქვა.
პრემიერმა დეტალურად და ვრცლად მოყვა ისტორია უკრაინაში ომის დაწყებიდან და სად ვართ დღეს, ამ ისტორიას მე დიდწილად ვეთანხმები, შეიძლება ყველა ნიუანსს არა, მაგრამ დიდწილად ვეთანხმები. ამას ყველანი გულისყურით ვუსმენდით.
ამის მერე მე პრემიერს ვუთხარი, რომ ისტორია, რომელსაც ჰყვებით, ძალიან რთულია, ის რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით არ უნდა ითარგმნოს იმაში, რომ ან ყველას გვესმის რას გვიყვებით, ან რატომღაც ყველანი გეთანხმებით. ჩვენ უბრალოდ პატივისცემით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას ამ ოთახში ხალხი ეთანხმება.
(პრემიერის მოთხობილი) ისტორია ასეთია: უკრაინაში დაიწყო ომი, რა დროსაც საქართველოს სთხოვეს ამ ომში ჩართვა (ამას შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია ჰქონდეს) და საქართველომ უარი თქვა ამ ომში ჩართვაზე და დიდი სანქციების დაწესებაზე, რაღაც სანქციები დაწესებული გვაქვს, მაგრამ უარი თქვა სანქციების დაწესებაზე და ამას მოჰყვა ძალიან დიდი ტალღა, ცუნამი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნიდან, რომლებიც იმ დროს აწარმოებდნენ ფაქტობრივად ომს რუსეთთან და ეხმარებოდნენ უკრაინას, იყვნენ ჩარეული ფინანსურად, იარაღით და ა.შ. ეს ამ ისტორიის დასაწყისია.
ამის შემდეგ რაც ხდება საქართველო ფართხა-ფურთხით შეგვაგდეს და გვითხრეს, რომ შემოიტანეთ განცხადება ევროკავშირის კანდიდატობაზე… მანამდე – ომის დაწყებამდე საქართველოს ეუბნებოდნენ, რომ საერთოდ არ მოხვიდეთ თქვენს წინ სხვა ქვეყნებია და რამდენიმე წელი არ მოხვიდეთ და არ დაგველაპარაკოთო. ომი, რომ მოხდა და საქართველო რომ „ცუდად“ მოიქცა, რაღაც არ გააკეთა, რაც მისგან უნდოდათ, უცებ დაგვაჯილდოვეს იმით, რომ გვითხრეს, მოდი ახლა სწრაფად განვიხილავთ ამ თქვენს კანდიდატობის განცხადებას… ამ პერიოდში მოხდა ორი გადატრიალების მცდელობა საქართველოში, არ ვიცი რა მცდელობა იყო, მაგრამ უზარმაზარი დემონსტრაციები, რომლებიც დღესაც მიდის… ორი იყო მაგ პერიოდში … პირველი იყო იმაზე, რომ უკრაინის ომში წასვლის მოხალისეები არ გაუშვა მთავრობამ, მაგაზე ერთი ამბავი ატყდა იმ დონეზე რომ NGO-ები იყვნენ გარეთ და იძახდნენ მთავრობა გადადგეს, ღარიბაშვილი გადადგეს და ჩვენ ტექნიკურ მთავრობას შევქმნით და მოვალთო; მეორე იყო, როდესაც არ მიგვიღეს – თუ რაღაც მეშლება… ამან ყველაფერმა გაიარა, საქართველომ გაძლო და აქ ფუნდამენტური ძვრები არ მოხდა, ამის შემდეგ გამოვიდა დოკუმენტი, სადაც ჩვენ თურმე მოლდოვასაც და უკრაინასაც ვაჯობეთ. ამიტომ აბსოლუტურად აუხსნელი იყო ჩვენ რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და ამის ახსნა მხოლოდ იმით შეიძლება რომ საქართველო ისჯებოდა – ამას ვყვები დაახლოებით იმას, რაც პრემიერმა მოყვა.
მერე ხდება კანონი, კანონის მოტრიალება, სხვადასხვა რაღაცები, განცხადება, არჩევნები გაყალბდა/არ გაყალბდა – ეს საკმაოდ რთული და გრძელი ისტორიაა, რომლის პრემიერმა მოყვა. მე უბრალოდ ვთქვი და რაღაც პერიოდში გავიმეორე – შენ თუ თავიდან პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოს რეალურად ამ ომში ჩაბმას ითხოვდნენ, მაშინ ყველა მოქმედება, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა არის საგიჟეთია და არაფერში ჯდება. ის, რომ დასავლეთს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა – მე ვთქვი, რომ ეს არაფერში ჯდება, თუ იმ პირველი ნაწილის არ გჯერა.
ეს ვთქვი მე. ეს ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი იყო. მე ვთქვი, რომ ეს ურთულესი ისტორიაა, რასაც თქვენ ჰყვებით ბატონო პრემიერო და ზუსტად ვიცი, რომ ამ ოთახში ზის ხალხი, რომელსაც ამ ყველაფრის არ სჯერა, იმიტომ კი არა რომ ცუდები ან კარგები არიან, არამედ იმიტომ რომ… მე მყავს მეგობრები, პარტნიორები, რომლებთანაც ვკამათობ, რომელთაც შემიძლია ვაჩვენო ჰილარი კლინტონმა რა თქვა, აქ რა წერია, იქ რა წერია და მიჭირს ამის დამტკიცება… – რა უნდა გვეომა, სამ დღეში დავმარცხდებოდით და ასე თუ გჯერა, მაშინ ყველაფერი შემდეგი – იწყებ ფიქრს – რამ გააგიჟა ეს ხალხი, რა სიგიჟეში გამხვიეს, მართლა რუსეთში ხომ არ მივყავარ, მარსზე ხომ არ მიმაფრენენ…
მე ამაზე ვუთხარი, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამას ჰყვება პირველი ნაწილი კარგად უნდა იყოს ახსნილი და ჩემი მხრიდან შევეცადე…. ომი რომ დაიწყო უკრაინაში ეს უბედურებაა, როგორც უკრაინელებისთვის, ასევე ჩვენთვისაც… ამ ისტორიის ძირითადი ნაწილის მე მჯერა, შეიძლება ვცდები, და თუ ეს გჯერა ბევრი რაღაც რაც ამას მოყვა უკვე სხვანაირად აღიქმება, ასევე შეიძლებოდა რაღაცების სხვანაირად გაკეთება მაგრამ ისეთი ცუნამი დაეცა მთავრობას რომ შეიძლება რაღაცები აეჭრა და აებნა, ეს მე ვთქვი იქ.
ვთქვი, რომ როცა ასეთი რთული პიარ სამუშაო გაქვს, ფრთხილად უნდა იყო. მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა 28 ნოემბერს, რომლის 1 საათში შეცვლაც გიწევს. ასევე ვთქვი, რომ შესაძლოა ძალიან კარგი კანდიდატია ყაველაშვილი და ძალიან გაგვაკვირვოს 4 თუ 5 წლის მერე ვთქვათ რომ ის არის ძალიან კარგი პრეზიდენტი, მაგრამ შესაძლოა უმჯობესი იყო უფრო გამაერთიანებელი კანდიდატი. განსაკუთრებით ისეთი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე ხალხის ძალა.
მე ვთქვი არჩევნებზეც, რომ წავიკითხე ოდირის განცხადება, იქ არაფერი წერის გაყალბებაზე… და თუ არ გაყალბდა და ქართულმა ოცნებამ მოიგო, მას შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც არ ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეიძლება არ მოგეწონოს, და ასევე შეიძლება იყო ქართული ოცნების ამომრჩეველი და მაინც არ მოგწონდეს. მაგრამ ეს არის დემოკრატია. და თუ ძალიან არ მოგვეწონება და ბევრ ხალხს არ მოგვეწონება, მაშინ შეგვიძლია გამოვიდეთ, გავაპროტესტოთ და გამოვხატოთ ეს მშვიდობიანად. მერე სახლში წავიდეთ და დაველოდოთ მუნიციპალურ არჩევნებს და იქ გამოვხატოთ ჩვენი არჩევანი. ის რისი უფლებაც არ გვაქვს, ეს არის რომ გამოვიდეთ გადავწვათ ყველაფერი და მოვითხოვოთ ახალი არჩევნები რადგან ჩატარებული არ მოგვეწონა” – ამბობს ირაკლი რუხაძე.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს 23 დეკემბერს შეხვდა.