პრეზიდენტი: შეიქმნა ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს უსასყიდლოდ დაეხმარება

პუბლიკა

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნა ადვოკატთა და იურისტების ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს უსასყიდლოდ გაუწევს სამართლებრივ დახმარებას. ზურაბიშვილმა თქვა, რომ მოქალაქეებს ყოველწუთიერად სჭირდებათ დაცვა, მან თქვა, რომ ახალგაზრდები და არა მხოლოდ, ყოველ დღე არიან ქუჩაში, დემონსტრანტების ნაწილი დაპატიმრებულები არიან „ძალიან მძიმე პირობებში“. პრეზიდენტი შეეხო გუშინ მომხდარ ფაქტსაც, როცა ორბელიანების სასახლესთან ქალთა მარშის ერთ-ერთ მონაწილეს თავს დაესხნენ.

ზურაბიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ დაკავებულები ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან, რადგან „სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება ძალიან მალე“.

„ჩვენს მოქალაქეებს რომ სჭირდებათ ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა, ამისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, რომელსაც ვესალმები დღეს, რომელსაც მერე გავეცნობი უფრო დეტალურად. ჯგუფი ადვოკატებისა და იურისტების, რომლებიც იმისთვის შეიკრიბნენ ერთად, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცემ მათ სამართლებრივი რჩევები, როცა საჭიროა, პირველ ეტაპზე და ამისთვის მე მგონი ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე და მათ მერე გაუწიონ ყველა დახმარება, რაც მათ ესაჭიროებათ და ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან დიდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის დღეს რაც ხდება, ეს არის ის, რაც ქმნის საზოგადოებას და ჩვენ თვალ წინ ყველა სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული, თავისუფალი საზოგადოება და მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, ეს არის ნამდვილად ჩვენი იმედის წყარო, იმიტომ რომ ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერასოდეს, ვერც ერთი რეჟიმი და რეჟიმს რომ ვამბობ გესმით რას ვამბობ, ვერც ერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს. ჩამოყალიბებული საზოგადოება, შემართებული ადამიანებით ეს არის ის, რაც ყოველთვის გაიმარჯვებს ყველაფერზე. […] ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები ვინც დღეს ციხეში არიან ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან იყვნენ დაცული, კიდევ უფრო გვინდა ისინი გამოვიდნენ ციხიდან, რაც შეიძლება სწრაფად და მე ამაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან, იმიტომ, რომ სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება ძალიან მალე. მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, მანამდე თქვენი საქმეა არის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – თქვა ზურაბიშვილმა.